მტვერი, გლიჩი და სამი ღერი აპოკალიფსი

დედამიწა,
როგორც ჭკუიდან გადასული ანგელოზი,
ამოღამებული თვალებით,
აკანკალებული ხელით ეწევა ბოლო ღერს;
სადღაც, თბილისის გეტოებში,
ფერად ცაზე,
გადამრბენ კატებზე მეოცნებენი,
არაამქვეყნისთვის დაბადებული
ჭინკა-ბჰიკუები ზედოზირებით იპარებიან
უკანა კარიდან,
ჩუმად და ფაქიზად ხურავენ დარაბებს – თვალებს
და არავის ეუბნებიან, რომ წასვლას აპირებენ,
ტოვებენ ჩართულ კომპიუტერებს,
ტელევიზორებს და პორტალებს;

ქუჩები – როგორც იასამნისფერ ნისლში ჩაძირული კაპილარები
და არ შეხვედრილი ადამიანების სევდა.
აკოცე სხივებს,
თვალი ჩაუკარი ადამიანების უსაზღვრო ეგოისტობას,
მიესალმე ყველა მათხოვარს
და სამყაროს ყველა ღმერთი ჰაშიშით დააჯილდოვე.

დახატე საკუთარი გარდაცვალება, მიმოზებითა და კომპიუტერული მტვრით გაჟღენთილი რუტინული კლასტერი,
დედამიწა, როგორც ჭკუიდან გადასული ადამიანი სულში ჩაგიკრავს თავისი ამაოებით და ამაზონის ჯუნგლებში მოფარფატე ზმანებებით.

ქალაქის გეტოებში სახურავებზე ჯერ არაფერი ხდება,
დახატე შენი კილობაიტური ფიქრები მტკვარზე,
გადააფარე ლავანდა ზეცას
და მიაწერე ქუჩაში ყველა კედელს, რომ გშია, გწყურია
და ბოლო ნაპასი არაფერია, გარდა
გახურებული მახვილის გადაყლაპვისა;

წარმოიდგინე, რომ ჯოჯოხეთს სუნთქავ,
წარმოიდგინე და არ გამეპარო;
წარმოიდგინე და არ შეგეშინდეს;

დედამიწა, როგორც ჭკუიდან გადასული ანგელოზი;

კორპორაციული იხვი, ანუ სად მიფრინავენ ფრთიანი ბაყაყები ხვალ, ანუ რიდიმი

“აქ გაზაფხული ბაზარში იყიდებაო”, სადღაც, რომელიღაც წიგნში მაქვს წაკითხული და რა თქმა უნდა, ვერ ვიხსენებ. ზედმეტად რთულია ჩემთვის წიგნის პერსონაჟების დამახსოვრება, “დანაშაულს და სასჯელს” და “გზაზეს” თუ არ ჩავთვლით; ეს ორი რაღაც დონეზე სულ სხვანაირად მიუდგა ჩემში მოფუთფუთე მეორე მეს და ეზოში ჩასვლა, ცოტა მოშორება მასწავლა ყოველდღიურობასთან; ანუ ოდნავ გასხვავებული წაკითხვამდე აზროვნებასთან შედარებით.

ბლეყ. აპოკალიპტური ბოდვა და რუტინა, რომელსაც რუტინასაც ვერ ეძახი; რადგან როგორც ადრე, ახლაც ასეა – ადამიანები მიდიან და მოდიან, დგახარ ხელგაშლილი და ელოდები; რა ეშმაკს ელოდები – ღმერთმაც კი არ იცის; იმ ღმერთმა, რომლის არსებობა/არარსებობაში ჯერჯერობით ისევ ჩამოუყალიბებელი ვარ.

მთელი დედამიწა ფსევდომორწმუნეებით გავსებულ ეკლესიას გავს შობის ღამეს და შენ ვერ გაგიგია, სად შეიძლება გაიქცე, როცა კოკისპირული დაისის ფონზე ზამთრის სუსხით აღჭურვილი ბეღურები მასიურად დაიწყებენ სუიციდის მცდელობებს ცაში.

ქრიზანთემები, ათას-ფერები, იწილო-ბიწილო…

 

სამი ფიფქი, როგორც სამწერტილი სამყაროს დასრულებისას დასმული

აპოკალიფსია
იცოდე ყველა გზის დანიშნულება,
გესმოდეს
ბალახის ჩურჩული ქარში
და წერდე სიტყვებს,
როგორიცაა:
გზები,დღეები, ფოთოლცვენა ქარი, ღრუბელი…
სიგიჟეა
დააჯერო ადამიანებს
მართკუთხედის ალგორითმული აბსურდულობა;
სიგიჟეა
ღმერთის ძიება იქ,
სადაც ღმერთია
და უფრო სიგიჟე უღმერთობაში ჯვრის ტარებაა,
რადგან გზაზე გადამრბენი ორსული ქალები
ხომ არაფრით ჰგვანან მარიამ მაგდალინელებს
(ეს ყველაფერი ცუდი კარიკატურაა წამის, ცხოვრების).
მე შეიძლება დღეში ორმოცჯერ მოვკვდე
და შენ,
როგორც ერთადერთმა მიუღწეველმა ცვლადმა
ჩემი ტვინის ალგორითმულ ზედახორაში
არც კი იცოდე,
რა ცუდია,
როცა ესწრები საკუთარი თავის დასაფლავებას
და არავინ იცინის.
მხოლოდ წყვდიადური მარადისობა გალობს
ქარიყლაპიების უცნობ საგალობელს.
სიგიჟეა, როცა მოგმართავ შენ და გძინავს.
მერვედ მოიკლა სამებამ თავი,
მეცხრედ გაჩვენებ,
რა შეიძლება იყოს
მარადისობის უფრთო ცურვა
უშენობისგან დაცლილ ტბებში
ყურეში.

აჩვენე გალაკტიკებს, რომ შეგიძლია ჩემი გადარჩენა,
ისინი გელიან.

crabs

როდესაც დასავლეთის წვიმები ამოვარდებიან
და ქარები გამოიწვევენ მეწყერს უდაბნოში
და მათხოვრები დაიწყებენ ძახილს,
რომ დაეხმარებიან ყველას,
სურვილისამებრ
და პოლიციელები წართმევის ნაცვლად
გაჩუქებენ შვიდი წლის თავისუფლებას,
შენ ისევ იქნები ჩემთან.

როდესაც კლეპტომანები ყველა ნივთს
მიუჩენენ თავიანთ ადგილს
და ათეისტები „მამაო ჩვენოს“ ბოლოში
ჩავლენ
და ხმის კანკალით,
მორცხვი შიშით იტყვიან „ამინ“,
როდესაც ვარგ ვიკერნესები და
ყოფილი ცეკას მდივნები
ერთად დაიწყებენ ახალი ეკლესიების შენებას
და ლოცვა კურთხევას მიიღებენ ისევ იმ ძველი
პუტკუნა მღვდლებისგან,
შენ ისევ იქნები ჩემთან.

როდესაც გრძნობები ისწავლიან
ერთ რიგში ჩადგომას,
სიმაღლის მიხედვით
და გაითვლიან სკოლისდროინდელ წესით –
„პირველი… მეორე… პირველი… მეორე“ და ასე შემდეგ
როდესაც ჩემი ფრთები აღარ იქნება ტკივილის ბუდე,
როდესაც ჩემი იკაროსთან გაიგივება იქნება სისულელე
(მე ხომ მას ვაჯობებ და ამის გჯერა!)
და სიმშვიდის მკვდარი აპოთეოზი დაიწყებს
ქუჩის კუთხეში ხელის გაშვერას,
რათა დაეხმარონ – მცირედი ფულით
და ინსპირაციული სიმშვიდით,
შენ აუცილებლად უნდა იყო აქ.

მე ცასწავალა არ ვარ.
მე არც აირონ მენი ვარ…
თუმცა გჯეროდეს,რომ… შევძლებ.

Ungroup

e94b750616fc8dbd808f354274fe9a09

Author : Unknown

გზები, ანდერგრაუნდის ხმაურიანი
სახეები, სახეები,
შორს გაგონილი სასოწარკვეთილი “წადი” და “დამეხმარე, ბებო”,
ქალაქის მტვერი,3 მილიონი მანქანა ორმილიონიან ქალაქში და კვდომა,
როგორც ჩაკრებზე წაკიდებული ცეცხლი
ალის გარეშე Continue reading

1.2.3…

გარდაიცვალა ბლოგი.

გასვენება ჯერ არ ვიცით, როდისაა.

ჭირისუფლებმა წამოაყოლეთ ლუდი (აბა ისე რა პონტია).